აუდიტორია I - 4 ლაშა ბუღაძე
რაც თავი მახსოვს (51 წლის ვარ, არ ვმალავ), სულ ერთი და იგივე ხალხს აქვს ფული, ერთი და იგივე ხალხს ნიშნავენ თანამდებობებზე, ერთი და იგივე ხალხს აქვს სამსახური და ერთი და იგივე ხალხი გვასწავლის ჭკუას, როგორ ვიცხოვროთ, ვის მივცეთ ხმა არჩევნებზე და ვინ გვიყვარდეს და ვინ გვეზიზღებოდეს. ამ ისედაც პატარა ქვეყანაში, სადაც აღარც სუნთქვა შეიძლება და აღარც ცხოვრება, ჩემი ახალგაზრდობიდან მოყოლებული ერთი და იგივე ხალხი გვაზის თავზე!!! წესით, არ უნდა ვწერდე, რასაც ეხლა დავწერ, რადგან საქმე ჩემ დისშვილებს ეხება, რომლების ფოტოებსაც გუშინ გადავაწყდი სადღაც... მე აღარ მემეგობრებიან, ბოდიში. უფროსი სადღაც რაღაცად დაუნიშნავთ და ულოცავენ... ძველი ელიტა ახალ ელიტას ქმნის და ჩვენნაირები ისევ არ ვარსებობთ! ვინც ჩემი ოჯახის ისტორია იცის, ისიც იცის, რატომ აღარ მაქვს კონტაქტი ჩემ ნათესავებთან, აღარც ჩემ ძმასთან და აღარც ჩემ დასთან. ჩემი დისშვილები ბოლოს ხუთი თუ ექვსი წლის წინ ვნახე და ძალიანაც ვინანე. მე ჩემი პრინციპები მაქვს, ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ და ამიტომაც მაქვს ამდენი პრობლემა. რომ არ მიყვარდა კომპრომისზე წასვლა და თვალების დახუჭვა, შეიძლება ამიტომაც არ გავთხოვდი და ერთი წუთითაც არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას. თან ყველაფერი წინ მაქვს, და თუ არ მაქვს, არც მაგას ვნანობ. უბრალოდ ვერ ვითმენ, რომ არ დავწერო – ხომ ერთობით, ხომ ულოცავთ ერთმანეთს და გულებს უხატავთ, ხომ იკრიბებით ნათესაობა ერთმანეთის დაბადების დღეებზე, ქორწილებზე და ქელეხებზე, ხომ ინიშნებით თანამდებობებზე და ხომ გაქვთ კარგი ხელფასები, ხომ მკარით ყველამ ხელი და წიხლი თუ ორივე ერთად, ხომ აღარ გახსოვართ, ხომ არ გაინტერესებთ, რას ვჭამ, რა მაცვია, როგორ ვცხოვრობ, ხომ ამბობთ, რომ გიჟი, უბედური და ბოღმა ვარ, ჰოდა იცოდეთ – შეგეცით ყველას ერთად! ჩემ ძმასაც, მაგის ცოლსაც, ჩემ დასაც, მაგის ქმარსაც, თქვენს შვილებისაც და კიდე იმათ შვილებს (თუ ყავთ, არც მაინტერესებს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის – შევეცი მაგათაც), თქვენი Marine.