აუდიტორია II - 2 ლაშა ბუღაძე
ეკატოს მოგრძო და, დედამისის აზრით, სასაცილოდ უშნო ქუდი ჩამოეფხატა თავზე, რის გამოც დილით ეჩხუბათ კიდეც („ამას ნუ იხურავ“, „შენი საქმე არაა, რას ჩავიცვამ, მე გეუბნები, რა ჩაიცვა და რა არა?“), ახლა კი იმდენად უხდებოდა მის გაბუტულ სახეს და გამობურცულ ტუჩებს, რომ დედამისმა ფოტოს გადაღება გადაწყვიტა, მით უმეტეს, რომ დილით უკვე გამოემზეურებინა ეკატოს ქუდისადმი მიძღვნილი ტექსტი (9.30: ეკატოს ქუდი – თვლის, რომ ძალიან უხდება. ნეტა მეც ასეთი რთული თინეიჯერი ვიყავი? – 14 likes).
– არ გადამიღო, – ეკატომ სახეზე აიფარა ხელები.
– ქუდს ვუღებ, ადამიანო!
– არ გადამიღო!
სერიოზულად გაბრაზებული ყოფილა. ფოტოს გადაღება მართლაც არ ღირდა, ამ დროს, რა დასანანია, უკვე თავში ჰქონდა საჯაროდ გამოსატანი რეპლიკა: საღამოს უფრო მოუხდა, ან მე დავეწიე მის აზროვნებას...
– გშია? – ჰკითხა.
– წავედით, რა...
– გადავახტე იმ მანქანას? ვერ ხედავ, წინ დგას... რა გჭირს?
– არაფერი...
– რატომ გააუქმე?
– რა გინდა შენ?
– რეებს წერ, საერთოდ...
– რეებს ვწერ?
– პოზიტიურები იყავით, თუ არ იქნებით, ნუ კითხულობთ... იწერ საიდანღაც? რა ბოდვაა, რა გინდა?
– ვაიმე, არაფერი…
– უბრალოდ დაიბნა ხალხი...
– არ მაინტერესებს...
– გიჟი ეგონები ვინმეს. ჯერ 50 მოწონება გქონდა, მერე ოცზე ჩამოვიდა...
– ვაიმეე, წადი, რა...
„რა აუტანელი ბავშვია“, – გაიფიქრა Nina-მ საჯაროდ გამოუტანელ ტექსტად და მანქანა უხეშად, თითქოს მტკივნეულად გადმოატარა ტროტუარზე.
– სახლში არ გვაქვს არაფერი, უცებ ვჭამოთ, – თქვა. ეკატოს არაფერი უპასუხია – სკოლიდან გამოსულ ბავშვებს გახედა და მათი შეხედვისთანავე მიხვდა, ვინ სად მიდიოდა ამწუთას: Tina სახლში – მათემატიკაზე, wiko თავის დებილ მამასთან... დამპალი Salome არ აინტერესებს, სად...
ტროტუარიდან ქუჩაზე კი გადმოვიდნენ, მაგრამ მაშინვე იქვე წარმოქმნილ საცობში აღმოჩნდნენ, რომელიც კიდევ უფრო აუტანელი იყო შუქნიშნის გამოუყენებელი მწვანე ფერის ციმციმის გამო, რასაც ახალი ტექსტის გამომზეურება მოჰყვა:
საცობში რომ დგახარ და შუქნიშანზე წითელი ანთია, რაღაც შეღავათი მაინცაა, რადგან გგონია, რომ როცა მწვანე აინთება – წახვალ... მაგრამ როცა მწვანე ანთია და ვერ მიდიხარ – შეიძლება თავი მოიკლა. ანუ გზა გახსნილია და შენ ადგილზე დგახარ... ხომ შეიძლება, რომ დეპრესია დაგეწყოს? აქვე... მანქანაში…
9 likes
– ჩემზე წერ? – კითხა ეკატომ.
– არა, შვილო, მოეშვი ცოტა…
მის ბოლო ტექსტს, ფაქტობრივად, დაწერისთანავე გაუჩნდა 50 მომწონებელი და ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ ხუთ წუთში ორჯერ ან სამჯერ მეტი მომწონებელი ეყოლებოდა. ზოგიერთ სტატუსს თავიდანვე ეტყობოდა, რომ პირველივე წამებიდან პოპულარული გახდებოდა, ზოგიც დაწერისთანავე უიღბლო იყო, და უცნაურია – ტექსტის იღბლიანობა-უიღბლობა ხშირად სულაც არ იყო დაკავშირებული მის შინაარსთან.
ვიდრე მანქანას დაძრავდა, მის მსუბუქ ჩივილს სტატიკურობაზე კიდევ 30 მომწონებელი გაუჩნდა.