აუდიტორია II - 4 ლაშა ბუღაძე

ძლივს მოვასწარით, ჯერ ვიღაცის დაცვა არ გვიშვებდა, მერე ჩვენი ბრილიანტის monika meore შეგვხვდა შესასვლელში და აი, უკვე აქ ვართ!

36 likes

სახლში მისვლა არც Nina-ს უნდოდა და არც ეკატოს და კიდევ კარგა ხანს არ მოუნდებოდათ. Nina ბევრად უკეთ იგრძნობდა თავს, ეკატო რომ ესპანურზე შეეტენა ან დედამისთან, ან, ბოლოს და ბოლოს, თმა მაინც რომ ჰქონოდა დაბანილი და ეს დებილური ქუდი მოეხადა თავიდან, მაგრამ მესამე ჯერზე, როგორც იქნა, მაინც მოახერხა ისეთი ორმაგი ავტოპორტრეტის შექმნა, სადაც აღარც ეკატოს ქუდი-სეტერის ყურები ჩანდა უშნოდ და აღარც ის, რა უჟმურ ხასიათზე იყო ეკატო (Nina-ს ტერმინი).

ავტოპორტრეტის გადაღების დროს ორივემ ნიჭიერად იცოდა საკუთარი თავის წარმოჩენა: ეკატო თავდაჯერებულ და საინტერესოდ პროვოკატორ თინეიჯერს ჰგავდა, Nina – ჯანმრთელ ოპტიმისტს. იმას, ვინც ეკატოს სკოლასთან მისვლამდე გადასულიყო Nina-ს მანქანიდან, ამ ფოტოს აღქმის შემდეგ ისევ მისი ნახვა უნდა მონდომებოდა.

ისინი ქალაქის ახალი ცენტრალური სადგურის საზეიმო გახსნაზე მოვიდნენ და Nina-მ ერთიმეორის მიყოლებით წარმოშვა რამდენიმე რეპლიკა, ალაგ-ალაგ შეფეთებულ ნაცნობებსა და უცნობებს გადაუღო ფოტოები და სხვების არ იყოს, ცოტა ხნით თავადაც იქცა მაუწყებლად (მინაწერით: დაიწყო გამოსვლები!).

მართლა ძალიან ლამაზია!

44 likes

პლაკატებია უნიკალური!

47 likes

ეკატო და მისი უდიდებულესობა...

42 likes

ეს ბოლო ტექსტი (და ფოტოც) სათავადაზნაურო საკრებულოს კოლორიტულ თავმჯდომარეს მიეძღვნა, რომელსაც თავისი ეგზოტიკურ-სკანდალური განცხადებებით გაეთქვა სახელი და Nina-მ იცოდა (ისევე, როგორც ეკატომ), რომ საკმაოდ ბევრს გააცინებდნენ ამ კაცთან ერთად გადაღებული ფოტოთი. Nina არ შემცდარა – 10 წუთში, არც მეტი, არც ნაკლები, 400 მომწონებელი მოაგროვა თავის კედელზე. ეკატოს პირის მომუწვა დაავიწყდა, რადგან როცა ოქროს ორდენებით აღკაზმული მისი უდიდებულესობა დაინახა, მაშინვე მიავიწყდა, რომ დედამისის 3500 მეგობრის თვალწინ თავდაჯერებული და ცოტა საშიში თინეიჯერი უნდა განესახიერებინა, ამიტომ Nina-ს შეფარული ბოდიშის თქმა მოუხდა თავისი შვილის ბრიყვული გამომეტყველებისა და წინ გამოწეული კბილების გამო:

ეკატოს სახე!!!!...... გაგიჟებულია...

51 likes

– ძალიან ლამაზია, ქალაქი ქალაქშია, – შეუდგა Nina მაუწყებლობას, – ნახეთ, რა ხედია... ჩანს? აი, ქვევით, მატარებლები.. ქვევით ხუთი ესკალატორია... ეკატო, გაიწიე ერთი წამით... აი, თაღებზეა პლაკატები... რომც არ მიდიოდეთ სადმე, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ სანახავად... სულ მშურდა ევროპული ქალაქების სადგურების, მაგრამ აი, ეხლა უკვე მშვიდად ვარ... ეს უსაქციელო გოგო არ შეიმჩნიოთ...

ეკატოს ენის გამოყოფა უნდოდა, მაგრამ მაუწყებლობის გამო შეიკავა თავი. Nina-ს 300 თვალისმდევნელი გამოუჩნდა, რომელთაგანაც ერთმა ხმა დაუწუნა, მეორემ გამოსახულება, ხოლო მესამემ ვითომ სერიოზულად მიმართა ცენტრალური სადგურის ხელმძღვანელობას, რომ Nina-სთვის ფული გადაეხადათ უფასო რეკლამისთვის.

ცოტა გააკრიტიკე, თორემ არ მოგისმენენ.

30 likes

მომწონს და…

51 likes

Nina-მ ერთ-ორ ისეთს მოკრა თვალი, რომელთაც მხოლოდ ფოტოებით, მცირე რეპლიკებით და მოწონებებით იცნობდა, და თან კარგადაც, მაგრამ ეს იქ – იმ სივრცეში და არა აქ, – აქ თითქოს მისვლა მოერიდა ამათთან, უფრო სწორად, არც მოუნდა, რომ ახლოს მისულიყო, რადგან თითქოს არაბუნებრივიც კი იყო ფიზიკური კონტაქტი.

ამაზე ბევრი აღარც უფიქრია – ერთ-ერთ ათმეტრიან პლაკატს მიეჭრა და ჯერ საკუთარ თავს, უფრო კი ფონს გადაუღო ფოტო, მერე კი პლაკატთან აყუდებულ უცნაურ ეკატოს.

ყველგან ეს პლაკატები კიდია... ძალიან გიჟური კონცეფციაა, მაგრამ რა შუაშია სადგურთან და მატარებლებთან, ვერ ვხვდები. მე და ეკატომ გადავწყვიტეთ, რომ მხატვარს კომპოზიცია გავუფუჭოთ.

22 likes

– მადლობა გითხრათ მხატვარმა...

ამის დამწერი მეტისმეტად ბებერი ჩანდა ფოტოზე და მასთან საუბარი საშინლად ეზარებოდა. ერთი-ორჯერ გაუბა დიალოგი და საათნახევარი ვერ მოიცილა. ასეთების კი ძალიან ეშინოდა. კინაღამ თვალმიუდევნელთა კატეგორიაში გადაისროლა.

– ისევ გახსენი? – კითხა ეკატოს, რომელიც თავის ტელეფონს ჩაჰყურებდა.

– არა...

– აბა, რას უყურებ?

– არაფერს, მომწერა ვიღაცამ... არ წავიდეთ? სახლში არა, რა...

არ უნდოდა ამ დღის დასრულება. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არა.

აი, ესეც აქ ყოფილა, შაბათისპანორამა, მუქარითა და მადლობებით გაჯერებული ტექსტი რომ გამოაქვეყნა ერთი საათის წინ. ნეტა აქედან წერდა? მართალია, Nina შაბათისპანორამასაც იმ სივრციდან იცნობდა, რის გამოც თითქოს არაბუნებრივი და უხერხულიც კი იყო ფიზიკური კონტაქტი, მაგრამ ამჯერად ინსტინქტურად გაიწია მის გადასაკოცნად. ცნობილი ზოგჯერ ნაცნობი გგონია – გაიფიქრა გამოუქვეყნებელ ტექსტად. შაბათისპანორამას ეკატოს გადაკოცნაც მოუხდა, რომელიც სადღაც მათ შორის გაჩხერილიყო და მიუხედავად იმისა, რომ Nina-ს ინსტინქტურადვე მოუნდა ჯგუფური ავტოპორტრეტის შექმნა ცნობილის თანხლებით, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანმა (შედარებით ახლებურმა) ინსტინქტმა მაშინვე უკარნახა, რომ შესაძლოა ის უკვე აღარც მიეკუთვნებოდა ისეთთა კატეგორიას, რომლებიც ადგილობრივ ცნობილებთან გადაღებული ფოტოებით იწონებდნენ თავს – ბოდიში, უკვე მეც ცნობილი ვარ. ამიტომ მხოლოდღა ღიმილით, საერთო ფოტოს გადაუღებლად უთხრა რაღაც, რაც ისედაც ხმაურში ჩაიკარგა და ერთმანეთთან მოსაუბრე (პარალელურად, ტელეფონებში თავჩარგულ) ხალხს შეერია.


To start learning, sign up for free.