წიქარა | ქართული ანიმაცია, ზღაპარი, Wiqara

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ბიჭი.
დედა ადრე მოუკვდა და მამამ მეორე ცოლი
მოიყვანა.
დედინაცვალი ერთი ავი და აშარი ქალი
გამოდგა, გერს მუდამ სცემდა და ცეცხლის
კალოში აყენებდა.
ბიჭს ერთი ხარი ჰყავდა, სახელად წიქარა
ერქვა, ძალიან უყვარდა, ყოველდღე მინდორში
დაჰყავდა, დაბინდებამდე აძოვებდა,
აბანავებდა, ჩრდილში ასვენებდა, რომ სიცხეს
ხარი არ შეეწუხებინა და მისი მოვლით
თვითონაც ერთობოდა. დედინაცვალი კი არ
ცხრებოდა, გერის თავიდან მოშორება უნდოდა.
სხვა რომ ვერა გახდა, ადგა და ერთხელ
თავი მოიავადმყოფა, დაიწყო ტყუილი კვნესა
და გმინვა. ქმარმა ჰკითხა, რა გიშველისო?
წიქარას გულ-ღვიძლის გარდა ვერაფერი
მომარჩენსო, უთხრა ქალმა. იცოდა, წიქარას
დაკვლა ბიჭს დარდით დაასნეულებდა და ბოლოს
მოუღებდა. მამა შეწუხდა ამ სიტყვების
გაგონებაზე, მაგრამ რას იზამდა? ქალი რომ
ლოგინიდან აღარ ადგებოდა, გადაწყვიტა
დაეკლა წიქარა.
მეორე დილას ვაჟი ხედავს, მამა დანას
ალესავს. რად გინდა, მამა, ეგ დანა, რისთვის
ალესაო? ჰკითხა ვაჟმა. წიქარა უნდა
დავკლაო, უთხრა მამამ. დაღონდა ბიჭი,
მაგრამ რა უნდა ექნა? წავალ, წყალს მაინც
დავალევინებო, უთხრა ბიჭმა. წაიყვანა
წიქარა წყალზე, ასმევს წყალსა და ტირის,
ტირის ისე, რომ მისი ცრემლები წყალს
ეწევიან.
რა გატირებს, ჩემო მეგობარო? რაზე ითხრი
თვალებს, შემოგევლე შენი წიქარაო?
ბიჭმა მიიხედ-მოიხედა, ეგონა, მომესმაო.
შეშინებული და განცვიფრებული დიდხანს გონს
ვერ მოსულიყო. ბოლოს მიხვდა, რომ თავისი
წიქარა ელაპარაკებოდა.
დაკვლას გიპირებენ, დაკლასო, მიუგო ვაჟმა.