სააპელაციომ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა, არასამთავრობოების საჩივრები კი არ დააკმაყოფილა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არჩევნების საკითხებზე გაერთიანებული 20-ზე მეტი საჩივრიდან მხოლოდ ერთი, ცესკოს მოთხოვნა დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლო საქმეს 21 საათის განმავლობაში განიხილავდა.
საარჩევნო კომისია მოითხოვდა, გაუქმებულიყო საიას საქმეზე თეთრიწყაროს სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება წალკისა და თეთრიწყაროს ელექტრონულ უბნებზე არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ;
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი (კოალიცია „ჩემი ხმა“) მოითხოვდა უბნების ნაწილში ბიულეტენების ხელახლა გადათვლას, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კი - ყველა ელექტრონული უბნის შედეგების გაბათილებას, რადგან, ორგანიზაციის შეფასებით, დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა.
„ამ საქმემ სრულად გამოამჟღავნა სასამართლო სისტემის მანკიერებები. 2 000 000-მა მოქალაქემ დაზუსტებით გაიგო, რომ სასამართლო არ არსებობს. სასამართლომ ამომრჩეველს დააბრალა ის, რომ ხმის ფარულობის უფლება არ იყო დაცული, ამომრჩევლის ბრალია. ასეთ სასამართლოს ვერ ექნება საზოგადოების ნდობა", - განაცხადა საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ.
სააპელაციო სასამართლოს კოლეგია გოჩა დიდავასა და დიმიტრი გვრიტიშვილის მონაწილეობითა და დავით ახალბედაშვილის თავმჯდომარეობით 6 ნოემბერს დაწყებულ სხდომაზე საქმეს 21 საათის განმავლობაში განიხილავდა. მათ გაიმეორეს თეთრიწყაროს სასამართლოში ჩატარებული ექსპერიმენტი, თუმცა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუასგან განსხვავებით, ვერ დაადგინეს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა.