ტრამპი, “მილიარდების დასაზოგად”, საგარეო დახმარების სააგენტოს დაშლას აპირებს.
ილონ მასკმა USAID-ს "კრიმინალური ორგანიზაცია" უწოდა და განაცხადა, რომ "დროა, ის მოკვდეს". გაეროს მონაცემებით, USAID-ი გლობალურად ჰუმანიტარული დახმარების 40%-ზე მეტს უზრუნველყოფს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ USAID-ს „რადიკალური შეშლილები“ მართავენ. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები აშშ-ს აფრთხილებენ, რომ სააგენტოს საქმიანობის შეჩერებას ან შეწყვეტას „კატასტროფული“ შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
სამთავრობო დანახარჯების შემცირებისკენ მიმართული აღმასრულებელი ბრძანებების ტალღის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, მთავარ საერთაშორისო დახმარების სააგენტოს ხურავს. ამ ნაბიჯის „კატასტროფულ“ შედეგებზე საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები მიუთითებენ.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წინააღმდეგ ბრძოლას ილონ მასკი უდგას სათავეში - მთავრობის ხარჯების შემცირების მიმართულებით ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი ფიგურა. მასკი ამტკიცებს რომ ადმინისტრაციას აშშ-ის დეფიციტი 1 ტრილიონი დოლარით შეუძლია შეამციროს და ეს კორუფციასთან ბრძოლის შედეგად მოხდება.
USAID-ის თანამშრომლებმა შეტყობინება მიიღეს, რომ სააგენტოს ვაშინგტონში განთავსებული ოფისი 3 თებერვალს პერსონალისათვის დაიხურება „სააგენტოს ხელმძღვანელობის მითითებით“, – იუწყებიან CNN-ი და Associated Press-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.
გაეროს მონაცემებით, USAID-ი გლობალურად ჰუმანიტარული დახმარების 40%-ზე მეტს უზრუნველყოფს, თუმცა, სააგენტოს ვებსაიტი 3 თებერვალს მიუწვდომელი გახდა, ხოლო ტრამპმა განაცხადა, რომ სააგენტოს „რადიკალი შეშლილები“ მართავდნენ.
„ჩვენ მათ ვუშვებთ, შემდეგ კი მივიღებთ გადაწყვეტილებას” USAID-ის მომავალზე“, განუცხადა 2 თებერვალს ტრამპმა ჟურნალისტებს.
ტრამპის ამ განცხადებას წინ უძღოდა CNN-ისა და Reuters-ის ცნობები, რომ სააგენტოს უსაფრთხოების ორი მაღალჩინოსანი ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს მას შემდეგ, რაც მათ სცადეს, ხელი შეეშალათ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) – ტრამპის მიერ დაარსებული და მასკის ხელმძღვანელობით მოქმედი ორგანიზაციის – წარმომადგენლებისთვის, USAID-ის კომპიუტერულ სისტემებზე წვდომის მოპოვებაში.
თავად მასკმა USAID-ს, რომელიც კონგრესის მიერ დამტკიცებული ათობით მილიარდი დოლარის აშშ-ის საგარეო დახმარებას გასცემს, „კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა და განაცხადა, რომ „დროა, ის მოკვდეს“.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატი ლიდერების ჯგუფმა 2 თებერვალს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს წერილი გაუგზავნა, რომელშიც „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავენ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებებზე იმ ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც, როგორც მათ აღნიშნეს, აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად, განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდებში, განვითარების სფეროში ექსპერტიზის და აშშ-ის საგარეო დახმარების სწრაფად უზრუნველსაყოფად” შეიქმნა.
ტრამპის ძალისხმევების ფარგლებში რომ ეს პროგრამები მის საგარეო პოლიტიკურ მიზნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს, რუბიოს ხელმძღვანელობით მოქმედმა სახელმწიფო დეპარტამენტმა 24 იანვარს გასცა ბრძანება იმის თაობაზე, რომ აშშ-ის საგარეო დახმარების თითქმის ყველა პროგრამისთვის ახალი დაფინანსება შეჩერებულიყო.